„ბედნიერება სახელად მამაშვილობა“
ქრისტეს მიერ საყვარელო და ძვირფასო მეგობრებო! მოგესალმებით დიდი პატივისცემით, გლოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ღვთის წყალობასა და ბედნიერებას!
ფონდი „მამაშვილობა“ 2015 წელსვე დაფუძნდა, ჩემი შვილის მიხოს მარადისობაში გადასვლიდან ორიოდე თვეში.
ფონდის შექმნის იდეა დაეფუძნა მამაშვილობის, როგორც ისტორიული, რელიგიური, ეროვნული, კულტურული, სოციალური ფენომენის გააზრებას, მამაშვილობას, როგორც უძლიერეს ადამიანურ გრძნობას, რომელიც თვალხილულ გამოხატულებაზე უფრო მძლავრ განცდებზე და მამა-შვილის უძლიერეს სულიერ და ხორციელ კავშირზეა დამყარებული.
მამებსა და შვილებს - როგორც ოჯახების, გვარების, თემების, საზოგადოების, ერის თაობებს შორის ურთიერთობების ღრმა შესწავლა, ამ უძლიერესი კავშირის მრავალმხრივი ანალიზი და არსებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებას, ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრებას, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.
ფონდი იზრუნებს როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ასევე ჩვენი შვილების აღზრდაზე. განხორციელდება პროექტები იმ ოჯახებისა და მათი შვილებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ემიგრაციაში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იზრდებიან ქართულ დიასპორებში, დევნილთა, ეთნიკურ უმცირესობათა და სხვა განსაკუთრებულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და თემებში.
ამ მიზნების მისაღწევად შესაქმნელია სივრცე, სადაც გაიმართება ღონისძიებები, იმუშავებს ფონდი, ჩატარდება ტრეინინგები, განხორციელდება სოციალური, სამეცნიერო და კულტურული პროექტები, განთავსდება ბიბლიოთეკა, ეთნოლოგიური კუთხე, სამლოცველო, დარბაზი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის, სურათების გალერეა და საგამოფენო დარბაზი, აგრეთვე სამუზეუმო სივრცე საეკლესიო, ისტორიული, ლიტერატურული და ეთნოლოგიური კომპონენტებით.
ამ მეტად საინტერესო იდეების განხორციელებისა და ფონდის ფუნქციონირებისთვის ახლახანს გაგვიჩნდა საკუთარი სივრცე/ტერიტორია, რომელსაც საბოლოო სახის მიღებამდე ძალიან ბევრი მონდომება, ინვესტიციების მოზიდვა და მასშტაბური სამუშაოების ჩატარება დასჭირდება. მარტო საკუთარი სახსრებით ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ.
მოგმართავთ დახმარებისათვის მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვაქვს გააზრებული დღევანდელი სოციალური ვითარება: ერთის მხრივ - მოსახლეობის კეთილდღეობის სასურველზე დაბალი დონე, მეორე მხრივ - დახმარების მთხოვნელთა მრავალრიცხოვნობა.
შემომწირველების, ინვესტორებისა და ქველმოქმედების სახელები შეტანილი იქნება ფონდ „მამაშვილობის“ მატიანეში: წიგნში, საიტზე, მემორიალურ დაფაზე; მოხსენიებულ იქნებიან ჩვენს ეკლესია-მონასტრებში; გახდებიან ფონდის მეგობართა და მხარდამჭერთა საბჭოს წევრები და მიიღებენ მონაწილეობას სამეურნეო-სამენეჯერო საქმიანობაში.
შემოგვეხმიანეთ! მობრძანდით!
უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!